ჰააგის საოლქო სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, ერთი ბრალდებული კი გაამართლა
ჰააგის სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე.
სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ, იგორ გირკინი – რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო; რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი სერგეი დუბინსკი; უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა.
სასამართლომ აღიარა, რომ სამივე პირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ბუკის“ მარშრუტის შეთანხმებაში, ტრანსპორტირებასა და დაცვაში. სასამართლომ დაადგინა, რომ გირკინის, დუბინსკის და ხარჩენკოს ერთობლივმა ქმედებებმა 298 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. სასამართლომ სამივე მსჯავრდებულს ასევე გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 16 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ამასთან, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნას, რომ ბრალდებულიდან არც ერთი პირადად არ მონაწილეობდა რაკეტის გაშვებაში. საქმეზე ბრალდებული რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ოლეგ პულატოვი გაამართლეს.
ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.