გვანცა ყუფარაძე - მურუსიძე მედროვე გარეწარია, მაგრამ შავგულიძე უფრო საშიში კაცია, ეს არის ერთადერთი სიმართლე ჩემთვის ამ ალიაქოთში
გვანცა ყუფარაძე - მურუსიძე მედროვე გარეწარია, მაგრამ შავგულიძე უფრო საშიში კაცია, ეს არის ერთადერთი სიმართლე ჩემთვის ამ ალიაქოთში

მურუსიძე მედროვე გარეწარია, მაგრამ შავგულიძე უფრო საშიში კაცია, აი, ეს არის ერთადერთი სიმართლე ჩემთვის ამ ალიაქოთში, – ამის შესახებ ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, „შალვა შავგულიძემ მეორე სიცოცხლე შთაბერა ნაციონალების ბოკერიას ფრთას. სუფთა ფურცლიდან დააწყებინა პოლიტიკური ისტორია და ჩახსნა ყველაფერს ბინძურს“.

„შავგულიძის ავტორიტეტი არის ის ტექნიკური რესურსი, რითიც ამ პარტიამ ეს მოახერხა. მან ეს ავტორიტეტი დიდწილად მოიპოვა გირგვლიანის საქმით და დიდი ალბათობით, შესაძლოა ამავე საქმით დაკარგოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოკერიას გუნდი მოგებულია. თუ ხალხის გასულელება მოხდება ამ მორალური ავტორიტეტით, რომლის მიმართაც კრიტიკული აზრის გაჟღერება მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ უკიდურესად არაპოპულარულია, ხომ კარგი მათთვის. ხოლო თუ არა, გირგვლიანის ადვოკატის ლაფში ამოსვრა უკვე გამოუვიდათ.

საქმე-საქმეზე რომ მიდგება ასე წააძახებენ ბატონ შალვას – შენ რა გაქვს სალაპარაკოო… დრო გვიჩვენებს.

დაახლოებით ის თემაა, ნაციონალების რეჟიმის დროს სამართალდამცავებად წოდებულ პირებს თავისი ინფორმატორები რომ ჰყავდათ და თვითონვე ლანძღავდნენ ერთმანეთში. ასეა, გარეწრებსაც აქვთ გემოვნება, საქმე-საქმეზე თუ მიდგა.

იმდენად დაზარალდა ამით შალვა შავგულიძე, რომ საქმეც დააზიანა, რადგან მურუსიძის მთავარი კონტრარგუმენტი თავისივე პასუხით გაამყარა. თუმცა მიხედავს თავის თავს, არ დაიკარგება. აშკარად არ სჭირდება ჩემი დარდები და ზრუნვა.

საქმის სტრასბურგში გასაგზავნად, სტრატეგია მქონდა ასეთი და იმიტომ არ გავასაჩივრე მეორე ინსტანციაშიო. მეორე ინსტანციაში რომ გამესაჩივრებინა შეიძლება მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ და მერე ვეღარ წავიდოდა საქმე სტრასბურგში და ამიტომაც შევიტანე კასაციაში საჩივარი, აპელაციაში გაუსაჩივრებელ გადაწყვეტილებაზეო, აი, ეს ბრძანა.

ეს სრულიად გასაგებია, რატომ გააკეთა. იმიტომ, რომ საქმეში ბრალდებულად არ იყო ცნობილი ყველა, ვინც დანაშაული დაუკვეთა, ჩაიდინა. მოტივის მთავარი არსი კი მდგომარეობდა საქმის საერთაშორისო დონეზე გატანაში, სადაც უკვე ჯანდიერი ჩაერთო.

ამავდროულად, ვისაც რამდენჯერმე გადაუკითხავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ამ პასუხს გააანალიზებს, ფიზიოლოგიური გულის რევაც რომ ემართებოდეს მურუსიძის გვარის ხსენებისას, მიხვდება რაღაცას.

წინადადებები იმის თაობაზე, რომ „საკასაციო სასამართლოს უნდა გაეკეთებინა ის, რაც სტრასბურგმა გააკეთა“, არასერიოზულია ყველასთვის, ვისაც იურისპრუდენციასთან ჩაუვლია. აქ იგულისხმებიან იურისტები, რომლებიც ამას ამბობენ, თორემ ჟურნალისტებმა სავსებით შესაძლებელია არ იცოდნენ, რატომ არის არასერიოზული.
– საქარველოში, სისხლის სამართლის პირველი წყარო არის მოქმედი კანონი. მარტივია. მტრის არგუმენტიც არგუმენტია, თუ სიმართლეს შეესაბამება.

სიმბოლური ,,მურუსიძე” არაკეთილსინდისიერი მოსამართლეა, რომელიც ხალხსაც დახვრეტს თუ კოდექსში ჩაუწერენ. მის მოშორებას, ხელისუფლების თანმიმდევრული, კონსოლიდირებული, პრინციპული და ამავდროულად ფრთხილი მუშაობა სჭირდებოდა კანონიერი მეთოდებით და პარალელური უკომპრომისო ბრძოლით რამდენიმე ფრონტზე, მათ შორის მესამე სექტორში. მურუსიძე გარეწარია, მედროვე გარეწარი, მაგრამ შავგულიძე უფრო საშიში კაცია, პირადად ჩემი აზრით. ეს არის ერთადერთი სიმართლე ჩემთვის, ამ ალიაქოთში. არაპოპულარული სიმართლე.

და ბოლოს, ვისაც ჰგონია, რომ გიგა ბოკერია სააკაშვილზე რამით უკეთესია, ეგონოს, საკუთარი გაჭირვებაც ეყოფა. ხოლო ვინც ცდილობს, რომ ეს მოგვყიდოს, წინასწარ შეარჩიოს იდიოტები. დიდი ბოდიში. ყველა მორალურ, პროფესიულ ავტორიტეტს ვცემ პატივს, მაგრამ ჩემს თავმოყვარეობას უფრო დიდ პატივს ვცემ“, – წერს გვანცა ყუფარაძე.