თამარ ალანია აცხადებს, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე იმავე განაჩენს გამოიტანდა, რაც მან გამოიტანა
თამარ ალანია აცხადებს, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე იმავე განაჩენს გამოიტანდა, რაც მან გამოიტანა

მოსამართლე თამარ ალანია აცხადებს, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე გამოიტანდა იმავე განაჩენს, რაც მან გამოიტანა. მისი თქმით, ამის საფუძველს იძლეოდა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები. ამის შესახებ თამარ ალანიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

სოფო კილაძემ თამარ ალანიას მიმართა – 2006 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 14 წლის გოგონას მიუსაჯა ხუთი წელი პატიმრობა და ხუთი წელი პირობითი მსჯავრი. აქედან გამომდინარე, მეორე, უკვე სააპელაციო სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა, თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. ეს საქმე შემდეგ წავიდა სტრასბურგში. სოფო კილაძე დაინტერესდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო თამარ ალანიამ, როგორც მოსამართლემ, გადაწყვეტილება.

სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს ასევე ჰკითხა, თუ ფიქრობს, რომ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ფიქრობს, რომ 14 წლის ბავშვის, გოგონას მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო არათანაზომიერი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ალანიამ კარგად იცოდა როდესაც ამ განაჩენზე აწერდა ხელს, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემა, სადაც, მისი თქმით, ადამიანებს უმოწყალოდ კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

თამარ ალანიას თქმით, საქმე არქივშია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოცემულ საქმეზე, არსებული მტკიცებულებებით, არა თუ თამარ ალანია, არამედ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის წინაშეც წარდგებოდა ეს საქმე, მისი დაზარალებულის ჩვენებებით, რომელიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული ყველა ეტაპზე იმ მოწმეთა ბაზის მიხედვით, რომელიც საქმეში იყო წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდებოდა ამ პირის ბრალეულობა“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდა და ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაღვევა ვერ დაადგინა.

„ამ კონკრეტულმა საქმემ გაგრძელება სტრასბურგის სასამართლოში ჰპოვა. სტრასბურგის სასამართლოს თუ ავიღებთ, როგორც ყველაზე მაღალ სტანდარტს და თუ თვალს გადავავლებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნა მიღებული, დღეს სწორედ საზოგადოებას აწუხებდა ბოლო საქმე, არ შემიძლია ეს საქმე არ გავიხსენო. ეს გახლავთ „რუსთავი 2“-ის საქმე, დაიდო სტანდარტი, რომ სამართლიანი სასმართლოს უფლება არ იყო დარღვეული. როგორც „რუსთავი 2“-ს საქმეზე, ასევე არ ყოფილა დარღვეული შესაბამისად გვანცა ყუფარაძის საქმეზე. ამდენად თუ საზოგადებას გააჩნია რაიმე კითხვა ამ საკითხთან მიმართებაში, მაშინ არსებობს სტანდარტები, სტანდარტის პლასტები და სტანდარტის უმაღლესი პლატი, რომელიც არსი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. მისი პასუხი ამ კითხვაზე იყო ის, რომ ამ ადამიანის, შესაბამისად ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის დონეზე არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება და არც სხვა რომელიმე უფლება“, – აღნიშნა თამარ ალანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ საქმეში ორი მხარეა, როგორც ბრალდებული, ისე დაზარალებული.

„ის საკითხები, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, მტკიცებულებების მტკიცების საკითხებთან მიმართებით საინტერესოა, ასევე დაზარალებულის თემა და მნიშვნელობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმეს როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებულიც ჰყავს. ამ საქმეზეც არასრულწლოვანი იყო დაზარალებული და მან რა ტრავმაც გადაიტანა, ალბათ ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ არაერთ დაზარალებულს კანონიერი მსჯავრდების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით და ა.შ., ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, თუ ვერ მიიღეს არასაკმარისი სასჯელი ბრალდებულისათვის ან რაიმე სხვა გარემოებების გამო პასუხი არ გაეცა მათ ტკივილს. ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ კონტექსტში განხილვას“, – განაცხადა თამარ ალანიამ.