გუშინ გარდაცვლილი ორსული ქალის ახლობლები გარდაბნის საავადმყოფოში მივიდნენ და მიზეზის გარკვევას ითხოვენ
გარდაბნის საავადმყოფოში, სადაც გუშინ 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა, ხმაურია.
კლინიკაში გარდაცვლილი სამირა იუსუბოვას ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ, ისინი პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას და გარდაცვალების მიზეზების გარკვევას მოითხოვენ. თუმცა, ჯერ მათ არავინ შეხვედრიათ.
კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კლინიკის მორიგე გინეკოლოგმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და დაიღუპა, სხვა დეტალები კი, არ იცის.
გარდაბნის რაიონში 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ის სოფელ ნაზარლოს მკვდრი იყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და კვლავ კლინკაში მიიყვანეს. კლინიკაში კი, უთხრეს, რომ ბავშვი უკვე დაღუპული იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.