გურიაში დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელში შიდა გზებზე გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია
გურიაში დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელში შიდა გზებზე გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია. ასევე, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
რაც შეეხება რეგიონის ცენტრალურ გზებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
„შიდა გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, კერძოდ: ნატანებში, შრომაში, კონჭკათში, მერიასა და თხინვალში. ჯამში, მუშაობს შიდა გზებზე შვიდი ერთეული ტექნიკა, ცენტრალურ გზებს კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასუფთავებს. ოზურგეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა სოფელ სილაურსა და ბაილეთში. ელექტროენერგიის გარეშე რჩება კონჭკათი, შრომა, ჯუმათი, თხინვალი, ნატანების უბნები. ჯამში, 600 აბონენტი. ,„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ყველა პრობლებურ ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.