გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ახალი ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია სხვადასხვა კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
მათივე ცნობით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
„გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად. ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის” ნაწილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განახორციელებს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.