გურიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. იმ 21 გმირს შორის, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს, ჩვენი რეგიონიდან ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. მე ქედს ვიხრი მათი ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.