გურიაში, აცანა-მამათის მიმდებარედ, ტყეში ბალახსა და ეკალს ცეცხლი უკიდია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც დასახლებულ პუნქტსა და ადგილს, სადაც ხანძარია, დიდი მანძილი აშორებს.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
„ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, იწვის ბალახი და ეკალი. მალევე მოხდება კერების დამუშავება და ხანძრის ჩაქრობა“, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გამოძიება უკვე დაწყებულია და იგი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.