გურიაში 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის შეკეთება იგეგმება
გურიაში 70 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია და 240 კილომეტრამდე გზის შეკეთება იგეგმება. ამის შესახებ პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.
საუბარია მსოფლიო ბანკის პროექტზე, რომლის მსგავსი კახეთის რეგიონში უკვე ხორციელდება.
გურიაში ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება განახორციელოს მთლიანი საგზაო ქსელის მოვლა-შეკეთება, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაო 5 წლის განმავლობაში.
კომპანია პირველი 2 წლის განმავლობაში გზების რეაბილიტაციას, მომდევნო სამი წელი კი, მოვლა-შენახვის სამუშაოებს ჩაატარებს. ანაზღაურება განხორციელდება არა შესრულებული სამუშაოს მოცულობის, არამედ შედეგების – გზის მდგრადობის მიხედვით.