გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა.
საუბარია გურამიშვილის 78 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი ერთ-ერთის მამამ იპოვა. სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდე კი სისხლის წვეთებია.
ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ორი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, რომელზეც სავარაუდოდ გამოძიებაც მუშაობს, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც მეორე მამაკაცი დაიღუპა, ხოლო შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე წუხელ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.