გურამ მაჭარაშვილი - ქართული საზოგადოება 29 აპრილს გამჭვირვალობასა და სარწმუნოებას ეტყვის კი-ს, გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას კი - არა-ს
გურამ მაჭარაშვილი - ქართული საზოგადოება 29 აპრილს გამჭვირვალობასა და სარწმუნოებას ეტყვის კი-ს, გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას კი - არა-ს

ქართული საზოგადოება 29 აპრილს კი-ს ეტყვის გამჭვირვალობას, სარწმუნოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არა-ს გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა ქართული და ევროპული ღირებულებაა.

„სხვათა შორის, 35 წლის წინ, 9 აპრილს საზოგადოება დამოუკიდებლობას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდა და დღეს „შარვალჩახდილი გირჩი“ კადრულობს და 100 ათასს მოწამეს შეურაცხყოფას აყენებს. ქართული საზოგადოება უარს ეტყვის  სწორედ ამას და სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ჭინკებს. რაც შეეხება უგულავას, „ნაციონალური მოძრაობაა“ უგულავა, „შარვალჩახდილი გირჩი“ და ა.შ. ეს ის პოლიტიკური მაჯლაჯუნები არიან, რომლებსაც საზოგადოება თავის ადგილს ოქტომბერში კიდევ ერთხელ მიუჩენს. ვინც ტრადიციასა და ეკლესიას შეეხება, ცხვირ-პირს დაილეწავს. მათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენენ. ეს ადამიანები წმინდანებსა და ათასობით ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ. როგორც უგულავამ აღნიშნა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.

ამასთან, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა  პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ. ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი“.