გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრი თავისუფალი მანდატისა და სტატუსის მქონე თანამდებობის პირია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას
ნიკანორ მელიას თუ შეეფარდება პატიმრობა, პარლამენტი იმსჯელებს მისი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განიხილა გენერალური პროკურორის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ითხოვდნენ თანხმობას პარლამენტისგან დეპუტატ ნიკანორ მელიას მიმართ იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ თანხმობის შემდეგ პროკურატურას ეძლევა საშუალება, მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებისთვის. სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ამ პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. შესაბამისად, მელიას დღესდღეობით შეჩერებული აქვს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი და ჯერ ინარჩუნებს პარლამენტის წევრის სტატუსს. მას შემდეგ, რაც გადაწყდება სასამართლოს მიერ ეს საკითხი როგორ იქნება, პროცედურების მიხედვით გავივლით. ეს არის მთავარი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იმსჯელებს და შეეფარდება პატიმრობა, პარლამენტი იმსჯელებს მისი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე კენჭისყრას, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ყველა იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენების მიხედვით.
„პარლამენტის წევრი გახლავთ თავისუფალი მანდატისა და სტატუსის მქონე თანამდებობის პირი. შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას და მათ მიმართ არანაირი სანქციები არ იქნება. რაც შეეხება შიდა პარტიულ მოლაპარაკებებს, ეს შიდა სამზარეულოა. ყველა იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენების მიხედვით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გაეცნო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, სამმა დეპუტატმა, მათ შორის ორმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.