გურამ მაჭარაშვილი - ჯანსაღი კრიტიკის ნაცვლად, ხელისუფლების ოპონენტები ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე საუბრობენ
ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა მიზანიც უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა, ნაცვლად ამისა, ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე საუბრობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა გენერალური პროკურორის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის წარდგენილი წერილის შესახებ იურისტ ანა ნაცვლიშვილის სტატუსზე.
მაჭარაშვილის თქმით, დეპუტატებმა წაიკითხეს წერილი და კითხვებიც ჰქონდათ.
„რა თქმა უნდა, წავიკითხეთ ეს დადგენილება. რა თქმა უნდა, გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა მიზანიც უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და აუცილებელიც კი არის შეაფასონ ფაქტები და ის განხორციელებული ქმედებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შეიძლება, იყოს ხარვეზები და მიუთითონ, რომ არასწორად გაკეთდა, ნაცვლად ამისა, ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე საუბრობენ და ცდილობენ, საზოგადოებისგან მოიპოვონ ამ არასწორი ქმედებების პოლიტიკური დივიდენდები“, – განაცხადა დეპუტატმა.
მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ევროპაში მართლმსაჯულებისთვის პირის გადაცემის საფუძველი კონსტიტუციის ნორმების, კანონის დარღვევაა.
„იურისტისთვის ცნობილი უნდა იყოს, როცა ევროპაში ასე ხდება, ეს კი არ იქნება ადამიანის დაკავების ან მართლმსაჯულებისთვის გადაცემის საფუძველი, არამედ საფუძველი არის კონსტიტუციის ნორმების დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევა, სისხლის სამართლის კოდექსით საქმის აღძვრა და ბრალის წაყენება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალურ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა, ლაფსუსებია დაშვებული და არარსებული, ასევე არარელევანტური საქმეებია მითითებული.
საქართველოს პარლამენტმა 26 ივნიისს თანხმობა განაცხადა, რომ დეპუტატ პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა. კენჭისყრისას თანხმობა 91-მა დეპუტატმა განაცხადა. პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ პარლამენტს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.