ანა ნაცვლიშვილი - მელიასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში არარსებული, ასევე არარელევანტური საქმეებია მითითებული
იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალურ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა, ლაფსუსებია დაშვებული.
ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილის წაკითხვა, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კვლევით პროექტში მონაწილეობის გამო დასჭირდა.
ნაცვლიშვილის თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ოთხი გვერდისგან შედგება და მასში მითითებული საქმეებიდან ერთი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, სხვა მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია.
„თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება; იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და, რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ); მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს – პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას); დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია.
ეს მხოლოდ წმინდად სამართლებრივ ნაწილზე მოგახსენეთ, უფრო დიდ სურათსაც ვხედავ ძალიან ნათლად, ამაზე მოგვიანებით.
არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია?
როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული?
როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია?
ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა!
დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე გავიდა – დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტმა 26 ივნიისს თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა. კენჭისყრისას თანხმობა 91-მა დეპუტატმა განაცხადა. პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ პარლამენტს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.