გურამ მაჭარაშვილი - გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების პოლიტიკური სათავე „ნაცმოძრაობაა“, ახლა „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, თუ „ლეიბორისტებში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს
მესამე ძალა იქნები, პირველი თუ მეორე, ამას წყვეტს მოსახლეობა და ვინ ვინ იქნება, ამას ვნახავთ 2 ოქტომბერს ისევე, როგორც წინა არჩევნებზე ვნახეთ. არ მგონია, რომ წინმსწრებლად ნომერაცია თავად უნდა მიინიჭო, ვიდრე საზოგადოება გადაწყვეტილებას გამოიტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნამდვილი ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ.
„რაც შეეხება ვაშაძეების გაერთიანებას, როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე „ნაცმოძრაობაა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ლეიბორისტულ პარტიაში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს. სამწუხაროდ, მთავარია ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები, მათ შორის, გიორგი ვაშაძეც ერთი-ერთში ამთხვევენ თავის რიტორიკასა და ქცევებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევებს და ფორმალურად ისინი რომელ პოლიტიკურ ძალაში ჩაირიცხებიან, არ მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ნამდვილი ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც ჩაანაცვლებენ „ნაცმოძრაობას“, თუ ამ პარტიის ლიდერები გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ამით ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ისინი არიან მესამე ძალა.
რაც შეეხება მათ რესურსებს, 7-ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი მათ მანდატს აღარ აძლევს. რომელ პარტიაშიც არ უნდა გადავიდეს „ნაცმოძრაობის“ლიდერების ნაწილი, იმ პოლიტიკურ პარტიას წარმატება ვერ ექნება. მთავარია ის, რომ ისინი არა მხოლოდ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, არამედ მათ არ შეიცვალეს დღის წესრიგი. რიტორიკა, ქცევა, მანერები და განცხადებების ფორმა იგივე დაიტოვეს, რაც „ნაცმოძრაობაში“ ჰქონდათ. თუ ამას შეცვლიან, შემდეგ შეიძლება გადახედოს საზოგადოებამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ დაადასტურეს, რომ „მესამე ძალას“ გრიგოლ ვაშაძე უერთდება.