გურამ იმნაძე - სახელმწიფოს ხელში ერთადერთი ეფექტური მექანიზმი დღეს არის დასჯა და დასჯით ცდილობს, საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის საზიანო
გურამ იმნაძე - სახელმწიფოს ხელში ერთადერთი ეფექტური მექანიზმი დღეს არის დასჯა და დასჯით ცდილობს, საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის საზიანო

სამართალდაცვითი მექანიზმები როგორი მკაცრიც და მათ შორის, როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკის მომხმარებელი ყოველთვის მოძებნის ახლა გზას და როგორც წესი, ეს ახალი გზა არის ხოლმე უფრო სახიფათო, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„სწორედ ეს ხდებოდა ჩვენთან 2000-იან წლებში, მაშინ გავრცელდა ზუსტად კუსტარული ნივთიერებები, რომლებიც ბევრად უფრო სახიფათო და საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის. საბოლოო ჯამში, გამიჭირდება ვთქვა, რომ მაშინდელმა პოლიტიკამ რამე კარგი მოუტანა ამ ქვეყანას. არავითარი კარგი არ მოუტანია, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და არც სამართლიანობის კუთხით, რადგან ჩვენი პენიტენციალური სისტემა იყო უკიდურესად გადატვირთული, სადაც ადამიანებს თავის მხრივ, ხელი არ მიუწვდებოდათ ჯანდაცვის პროგრამებზე“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა და პრაქტიკა ნამდვილად აღარ არის ისეთი მკაცრი ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ, მაგრამ რადგან ჯანდაცვის პრევენციის სისტემები არ გვაქვს, სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დასჯის გამოყენებას.

„მუდმივად არსებობდა შიში, რომ ზედოზირების დროს ადამიანს სასწრაფოსთან ერთად პატრულის თანამშრომელი დაადგებოდა, დღეს კი თუნდაც ეს რომ მოიხსნა, ესეც არ არის პატარა ამბავი, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ რჩება მეორე მხარეს, ჯანდაცვის პრევენციის რგოლზე. ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის პრევენციის სისტემები, სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დასჯის გამოყენებას. სახელმწიფოს ხელში ერთადერთი ეფექტური მექანიზმი დღეს არის დასჯა და დასჯით ცდილობს, საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის საზიანო, რომ ამას მოჰყვება ცუდი შედეგები და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რა სარეაბილიტაციო პროგრამები მოქმედებს საქართველოში და რამდენად აქვს ჩვენს სახელმწიფოს ფინანსური რესურსი დამატებითი პროგრამებისთვის, რადგან მოცემული ნარკოპოლიტიკის პირობებში სარეაბილატაციო და ზიანის შემცირების პროგრამებზე სახელმწიფო საგრძნობლად მცირე რესურსს ხარჯავს, გურამ იმნაძემ განაცხადა, რომ ფსიქორეაბილიტაციის რგოლი დასამატებელია და სამედიცინო პროგრამებიც გასაძლირებელია, რისი ფინანსური სახსრებიც ცალსახად არსებობს.

„თუ ბიუჯეტის ხარჯვას გადავხედავთ, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები უამრავ ისეთ პროექტში იხარჯება, რომ ბევრად უფრო პრიორიტეტული შეიძლება, იყოს ფსიქორეაბილიტაციის რგოლის დამატება და სამედიცინო პროგრამების გაძლიერება. მეორე საკითხია, რა რესურსებს ხარჯავს სახელმწიფო საპოლიციო-სამართალდაცვითი მიმართულებით ნარკოტიკის მომხმარებლების წინააღმდეგ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რა თანხები გვიჯდებოდა წინა წლებში და რა გვიჯდება ახლა პენიტენციურ სისტემაში მყოფი ადამიანების შენახვა და ა.შ. ასე რომ როცა ბიუჯეტზეა საუბარი, მგონია, არსებობს ამის თანხები, უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური ნების და მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ამ ბიუჯეტის ფარგლებში, დამატებითი თანხების გარეშეც კი ბევრად უფრო ეფექტიანი შეიძლება, ყოფილიყო სახელმწიფოს მიდგომები“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.