გურამ იმნაძე - მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია, როგორ არ უნდა იმართებოდეს მართლმსაჯულების სისტემა და არ ირჩეოდნენ სასამართლოში მნიშვნელოვან პოსტებზე ადამიანები
გურამ იმნაძე - მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია, როგორ არ უნდა იმართებოდეს მართლმსაჯულების სისტემა და არ ირჩეოდნენ სასამართლოში მნიშვნელოვან პოსტებზე ადამიანები

მოსამართლეთა კონფერენცია არის მკაფიო მაგალითი, როგორ არ უნდა იმართებოდეს მართლმსაჯულების სისტემა და როგორ არ უნდა ირჩეოდნენ სასამართლოში მნიშვნელოვან პოსტებზე ადამიანები, – ამის შესახებ კოალიაციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარე გურამ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას ჩატარებული მოსამართლეთა კონფერენცია, ისვე როგორც წინა კონფერენციები, არაფორმალური გავლენების კიდევ ერთი და მკაფიო დადასტურებაა.

„მოსამართლეებს კონფერენცია საბჭოში როცა ირჩევს ისე, რომ მოსამართლეთა მხრიდან კითხვა საერთოდ არ ისმება, არავითარი დისკუსია არ ხდება და არავითარი განსხვავებული აზრი ან კრიტიკა არ ჟღერდება, ეს უკვე არის იმის პირდაპირი დადასტურება, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს ძალიან მკაფიო გავლენების პრობლემა და არ არსებობს გარემო, რომ მოსამართლეებმა თამამად, კრიტიკულად ისაუბრონ პოზიციებზე“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეს აქვს დამოუკიდებლობა და შეუძლია, სამოსამართლო ეთიკის ფარგლებში თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვისთან რა ტიპის კომუნიკაცია ექნება, რაც მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და არა დიმიტრი გვრიტიშვილის, ან საბჭოს რომელიმე სხვა წევრის.

„ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით ბატონი გვრიტიშვილი პრობლემას ხედავს იმაში, რომ რომელიღაც მოსამართლეებთან სამოქალაქო ორგანიზაციებს დამოუკიდებლად აქვთ კომუნიკაცია. არც ბატონი გვრიტიშვილის და არც საბჭოს რომელიმე სხვა წევრის გადასაწყვეტი არ არის, რომელიმე სხვა მოსამართლეს რა კომუნიკაცია ექნება ვთქვათ, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ან სხვა რომელიმე პროფესიულ, თუ აკადემიურ ჯგუფებთან. ცხადია, მოსამართლეს აქვს ამის დამოუკიდებლობა, შეუძლია, სამოსამართლო ეთიკის ფარგლებში თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვისთან რა ტიპის კომუნიკაცია ექნება. გვრიტიშვილი არ უნდა ღელავდეს, ვის როდის ექნება კომუნიკაცია“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ გაიგო დიმიტრი გვრიტიშვილის გზავნილი, რომ სამოსამართლეო კორპუსი თავდაცვითი თავდასხმის რეჟიმზე გადადის, გურამ იმნაძემ განაცხადა, რომ მისთვის ეს განცხადება ბუნდოვანია.

„ჯერ ერთი, ბუნდოვანია იმიტომ, რომ გაუგებარია, რა მანდატით საუბრობს ბატონი გვრიტიშვილი, საუბრობს როგორც ერთი რიგითი მოსამართლე, თუ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ჩვენ როგორც ვიცით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ საკითხზე არ უმსჯელია მანამდე და არ მიუღია გადაწყვეტილებები. საერთოდ, შინაარსობრივად, ეს პრობლემური განცხადებაა. ეს არის უფრო პოლიტიკური განცხადება, ვიდრე სამართლებრივი ან ადმინისტრირების პოზიციონირება“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, გვრიტიშვილისა და მურუსიძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად ემსგავსება არა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა პოზიციონირებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების განცხადებებს.

„მათი პერსონალური თავდასხმებიც ემსგავსება პოლიტიკოსთა განცხადებებს, პოლიტიკურ განცხადებებს, ვიდრე პროფესიული ინსტიტუციის წარმომადგენელთა პოზიციონირებას“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ პროცესები, რომლებიც სასამართლო სისტემაში ვითარდება და მათ შორის ის, როგორ წარიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, ნამდვილად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების სულისკვეთებას და შინაარსს.

ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეული წევრების, დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის მიმართ საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.