გურამ იმნაძე - აუცილებელია, დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკებს აგვაცილებს
პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ კვლევა მოამზადა.
დოკუმენტი ეყრდნობა ექვს საქმეს, რომელიც 2017-2019 წლებს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას მნიშვნელოვნად ართულებს ის ფაქტი, რომ პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობის აღწერის, მისი ჩაწერის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.
აგრეთვე, კვლევაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შეზღუდვის რისკებს ქმნის.
„ჩვენ შევისწავლეთ, შსს-ში რა მექანიზმები არსებობს საიმისოდ, რომ თავი დავიზღვიოთ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტებისგან. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთიანი ხედვა არ არსებობს, თუ როგორ შეიძლება არასათანადო მოპყრობის პრევენცია და შემდეგ გაბნეულია ეს პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, იგივე ის, რომ არ არსებობს პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობის აღწერის, მისი ჩაწერის ერთიანი სტანდარტი, მხოლოდ და მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს სამხრე ვიდეო კამერები, თუმცა პატრულის თანამშრომლებიც არ არიან ვალდებულნი, რომ ყველა შენთხვევაში აღბეჭდონ მოქალაქესთან კომუნიკაცია. არ არსებობს უნივერსალური წესები, თუ როგორ გამოიყენება სამხრე ვიდეო კამერები. პრობლემა არის ის, რომ პოლიციის განყოფილებებში არ არის შიდა სათვალთვალო კამერები ყველა განყოფილებაში და სამართალდამცველებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, რომ კონტროლის მექანიზმებს აუარონ მარტივად გვერდი, დარჩნენ მოქალაქესთან მარტო, რა დროსაც მოქალაქის უფლებების შელახვის დიდი რისკი არსებობს. ამიტომაც, ყველა ეს პრობლემა საჭიროებს ერთიან, სისტემურ მიდგომას. აუცილებელია, დაინერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკებს თავიდან აგვაცილებს“ ,- განაცხადა გურამ იმნაძემ.
კვლევის ავტორმა ორგანიზაციამ, გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ რეკომენდაციებიც შეიმუშავა.