ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე მიუთითებს. როგორც არასამთავროგბო ორგანიზაციის შეფასებაშია ნათქვამი, მტკიცებულებების არ ქონის მიუხედავად, მორის მაჩალიკაშვილის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ შესაძლოა ეს ქმედება მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს.

შეფასებაში განმარტებულია, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს.

„მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები მოიცავს : ერთ ვიდეო ჩანაწერს, პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს და პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, თუმცა როგორც არასამთავრობოს შეფასებაშია ნათქვამი, მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, მათი მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსგავსია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას, მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ“, – ნათქვამია შეფასებაში.

რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებას, შეფასებაში აღწერილია, რომ ვიდეო მტკიცებულება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მორის მაჩალიკაშვილი მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, არსებითად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციასა და შეკრების სხვა მონაწილეების მასებს შორის მიწოლის დროს ჭყლეტის მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ის ჭყლეტისგან თავის დასაღწევად ხელს იქნევს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდება პოლიციის ფარს. ვიდეო მასალაში არ ჩანს, მისი მხრიდან კორდონის გარღვევისა და შეტევის, პოლიციის მიმართ ძალადობის, მისი ეკიპირების წართმევის, ან თავდაცვის მიზნით აქტიური მოგერიების მცდელობაც კი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები. EMC ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, რომ მხედველობაში მიიღოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და პირველი ინსტანციის მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მორის მაჩალიკაშვილის მიმართ.

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასების ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.