„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ შეწყალების წესის საკითხზე დისკუსიას მართავს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ შეწყალების წესის საკითხზე დისკუსიას მართავს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დისკუსიას მართავს თემაზე „შეწყალების წესი და პრაქტიკა საქართველოში – ბოლო ტენდენციები.

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ მედიასთან აღნიშნა, განხორციელებული ცვლილებებით ვერ მოგვარდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება და მეტი საჯაროობა, შეწყალების აქტების დასაბუთება, პროცესის წარმართვის სხვადასხვა ეტაპზე ცხადი კრიტერიუმების არსებობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება.

იმნაძის თქმით, იმის მაგივრად, რომ შეწყალების კომისია დემოკრატიულ და ინკლუზიურ პრინციპებზე დამყარებულიყო, საერთოდ გაუქმდა.

„2019 წლის ბოლოს, პრეზიდენტმა შეიმუშავა შეწყალების ახალი წესები, დამტკიცდა ახალი პროცედურა და სწორედ ამ ახალი პროცედურების საფუძველზე, პრეზიდენტმა ახალი წლების პერიოდში პირველად გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილება. თუმცა, ჩვენთვის კვლავაც ბუნდოვანია კონკრეტული პროცესები, პირობები თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით. დისკუსიის მთავარი საკითხი არის, რომ ახალი წესები არ ითვალისწინებს შეწყალების კომისიის არსებობას. უნდა არსებობდეს ძალიან გამჭვირვალე პროცედურები, თუ ვინ აფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ბეგრაუნდს და ასე შემდეგ და ვინ აწვდის პრეზიდენტს ამ დასაბუთებას შეწყალების თაობაზე. შეწყალებაზე უარის თქმის საკითხიც უნდა იყოს მაღალ დონეზე მოწესრიგებული, სწორედ ამ კუთხით არსებობს გამოწვევები“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

მან აქვე პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების ბოლო გამოყენების შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი პირი შეიწყალა. იმ ფაქტს, რომ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, იმნაძე პოლიტიკური სარჩულის არსებობას უკავშირებს.

„პოლიტიკური სარჩულის ნიშნები იკვეთება ამ საქმეში, თუმცა მათ შორის მთავარი პრობლემა ისიც არის, რომ პრეზიდენტის დასაბუთება აბსოლუტურად აცდენილი იყო ამ აღნიშნული საქმის ფაბულას და პრეზიდენტის დასაბუთება იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მთლიანად ამცდარი“, – განაცხადა იმნაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლები და შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი ზვიად ქორიძე.