გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა
ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა. ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ჯარისკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანიმობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.