გუგა ქაშიბაძე - ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებულს გაუმართლა, რადგან ასეთ აფეთქებას გაცილებით სერიოზული დაზიანებები მოჰყვება ხოლმე
გუგა ქაშიბაძე - ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებულს გაუმართლა, რადგან ასეთ აფეთქებას გაცილებით სერიოზული დაზიანებები მოჰყვება ხოლმე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, პაციენტს დამწვრობა აქვს ყელის მიდამოში, ასევე ოთხივე კიდურზე.

„პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. საერთო ჯამში, დაზიანებული აქვს სხეულის 25 პროცენტი, მეორე-მესამე ხარისხი, საეჭვოა სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებას შეეძლო გამოეწვია. ჯერჯერობით მკურნალობას გააგრძელებს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ჯერ რაიმეს გადაჭრით თქმა, ძალიან რთულია, რადგან 24 საათიც არ არის ტრავმიდან გასული. დამწვრობა გვაქვს სახეზე, ყელის მიდამოში, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. ყოველ შემთხვევაში, მას გაუმართლა, რადგან ასეთ აფეთქებას გაცილებით სერიოზული დაზიანებები მოჰყვება ხოლმე თან. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, 48 წლის არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.