„გუდვილის“ გენერალური დირექტორი - ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი - ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს

„გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეულ პროდუქტებზე, რომელზეც მაღალი მოთხოვნა გაჩნდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ფასების ზრდა არ იგეგმება და არც პრობლემური რეჟიმის შექმნის საფუძველი არსებობს.

„სავაჭრო ქსელები და ზოგადად ეს პროცესი, ცოცხალი პროცესია. მინდა, გითხრათ, რომ წინა თვეებისგან, წინა წლებისგან განსხვავებული პროცესი არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, 35 000 დასახლების პროდუქტიდან რამოდენიმე პროდუქტზე შეიძლება, ხდებოდეს ფასის ცვლილება, თუმცა ეს არ ეხება იმ პროდუქტებს, დღეს რაზეც გაიზარდა მოთხოვნა. ბოლო დღეების, ბოლო კვირების განმავლობაში არ მომხდარა ამ პროდუქტებზე ფასის ცვლილება. პირიქით, რა ფასდაკლებებიც იყო, რა აქციებიც იყოს, ისევ გრძელდება მაქსიმალურად. სავაჭრო ქსელები არ გადასულან რაიმე პრობლემურ რეჟიმზე, რადგან ამ პრობლემურობის საფუძველი არ არსებობს. არც ერთ ქსელს, მათ შორის „გუდვილს“, აქციებიც კი არ შეგვიჩერებია. იქიდან გამომდინარე, რომ სადისტრიბუციო კომპანიებსაც, ქსელებსაც აქვთ საკმარისი მარაგები, რომლებიც უკვე იმპორტირებულია და ჩვენს დახლებზე დევს. ეს პროცესი ფასებზე ასახვას ვერ ჰპოვებს. მე ვსაუბრობ საშუალოვადიანი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა.