გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრი და ადვოკატი საზოგადოებას მოუწოდებენ, მათ მიმართ შეურაცხყოფა შეწყვიტონ
გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი საზოგადოებას მიმართავს, შეწყვიტონ გარდაცვლილის ოჯახზე ზემოქმედება და შეურაცხყოფა. როგორც მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ქმედება თავდაცვა იყო თუ აუცილებელი მოგერიება, სასამართლო განსაზღვრავს.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატ ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, საქმეზე ხდება მტკიცებულებების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
„ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, არის განზრახვა და არცერთ შემთხვევაში არ არის მოგერიება. კადრებში ჩანს მერაბ კობიაშვილი, რომელიც დღეს ბრალდებულია, შედის შენობაში. ჩნდება პირველივე შეკითხვა – შეეძლო თუ არა მერაბ კობიაშვილს, დაერეკა პოლიციაში ან ნებისმიერი ადამიანისთვის ეთხოვა დახმარება? მთავარი შეკითხვები ჩნდება, როდესაც მერაბ კობიაშვილი გადის გარეთ, შეუძლია თუ არა იმოძრაოს მარჯვნივ, შეუძლია თუ არა იმოძრაოს ჩქარი ნაბიჯით, წავიდეს პირდაპირ და თავი შეაფაროს. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ კობიაშილი ნელა მიემართება მანქანისკენ, აღებს კარს, იღებს იარაღს და კეტავს კარს. კობიაშვილი არ იმყოფება თავდაცვით მდგომარეობაში, ესაა მეტად მნიშვნელოვანი. ჩნდება შეკითხვა – შეუძლია თუ არა დაქოქოს მანქანა და წავიდეს? საით მიემართება ამ დროს კობიაშვილი იარაღით ხელში? – სწორედ იქ, სადაც მოხდა შემთხვევა. ჩემი ინფორმაციით, არის კადრები, როდესაც პირველი დამიზნება ხდება ტანზე და შემდეგ ხდება იარაღის ჩამოწევა. ჩემი მიზანი არ გახლავთ ვამტკიცო, იყო ეს აუცილებელი მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა. ეს არის სასამართლოს განსახილველი“, – განაცხადა გორთამაშვილების ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა.
მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრი ნინო გულიაშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას ენდობა.
„არ ვერევით გამოძიებაში, არ ვამტკიცებთ არაფერს. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზემოქმედებას, კომენტარებს. ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, ვგლოვობთ და როდესაც ვისმენთ, რომ ის იყო გამომძალველი, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა. ჩვენც გვინდა სიმართლის გაგება, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება“, – განაცხადა ნინო გულიაშვილმა.
გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.