გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ მცხეთის კლინიკაში იმსჯელა, სადაც ამჟამად ბრალდებულია მოთავსებული. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ბრალდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ადვოკატის თქმით, ბრალდების პოზიცია რეალობას აცდენილია.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მკვლელობის განზრახვა არ მქონია, მოვიდნენ და მცემესო. რაც შეეხება პროცესს, დაცვის მხარეს არ გვქონია მოლოდინი, რომ მას შეეფარდებოდა გირაო და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. მთავარია ის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ასევე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ეწინააღმდეგება რეალობას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ გაიზიარებს და სრულად გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას. ვიდეოკამერების ჩანაწერები ნახეთ და კიდევ ბევრ მტკიცებულებას ნახავთ, რომლითაც ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. იმაზე აპელირება, თითქოს ის იარაღს უკანონოდ ატარებდა, მცდარია. ის იარაღს სრულად კანონიერად ატარებდა. ბრალდებული უწესიერესი ადამიანია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი. როცა მისი გამოკითხვა ჩატარდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას დღესაც ტვინის შერყევა და უამრავი დაზიანება აქვს, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად საუბარი უჭირს. მე, როგორც მისი უფლებების დამცველი ადვოკატი დღემდე ვერ ვახერხებ მასთან გავიარო გარკვეული საკითხები. ველოდები, როდის გამოჯანმრთელდება. ბრალდების მხარემ ისაუბრა, რომ თითქოს მიმალვის საფრთხე არსებობდა, თუ მას გირაო შეეფარდებოდა. ამას ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულს საზღვარი არაერთხელ ჰქონდა გადაკვეთილი. ბრალდებულმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი ბევრჯერ აქვს მას გადაკვეთილი, მაგრამ ის იყო შესაბამის მისიებში, იბრძოდა ავღანეთში, ერაყში და რა თქმა უნდა, მის მიერ საზღვრის დატოვება უკავშირდებოდა სამსახურს. მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში არ ჰქონია და სხვა ქვეყნებთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მოტივი შურისძიება იყო. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

„იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო. მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიქეტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ. პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ობიექტურად იმუშავებს. ყველა ის გარემოება, რაც გამოკვეთილი იქნება ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ მის საწინააღმდეგოდ, ან სხვა მიმართულებებითაც, ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას ობიექტურად შევაფასებთ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა.

გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა.

დატოვე კომენტარი