გროზნოში პოლიციელებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პოლიციელებზე დანით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული გაზეთი „ალ ნაბა“ ავრცელებს.
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი პოლიციელი მოკლა, ერთი კი დაჭრა.
კადიროვი ასევე ამბობს, რომ თავდასხმა ინგუშმა ძმებმა განახორციელეს, რომლებიც ჩეჩნეთში საცხობში მუშაობდნენ. ორივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, როდესაც ისინი სამართალდამცველების იარაღის აღებას ცდილობდნენ.