გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში დღეს შემოვა
H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი ქვეყანაში დღეს შემოვა. ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ.
ვაქცინის მიღებას რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინაცია პირველ რიგში ორსულებმა უნდა ჩაიტარონ.
„დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე ჩამოდის თვითმფრინავით H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით 7 000 დოზა. ალბათ ოთხშაბათიდან განაწილდება შესაბამისი კატეგორიის ადამიანებზე. ძირითადად, ყველაზე მაღალი რისკჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები, რადგან ორსულობის დროს გრიპი სერიოზულ გართულებებს იწვევს და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ვაქცინით აიცრან ორსული ქალბატონები. ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფასო იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სახელმწიფომ ვირუსის სეზონამდე ანუ შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აცრა, რომლებიც რისკჯგუფებში შედიოდნენ.
„მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ტარდება ხოლმე გრიპის სეზონის დაწყებამდე. ვაქცინის 85 პროცენტი მოიხმარება გრიპის სეზონის წინ, ეს არის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. რაც შეეხება გრიპის სეზონს, ამ დროს ვაქცინის 10-15 პროცენტი იხარჯება ხოლმე. ახლა მარაგი შეივსება და პრიორიტეტები რისკჯგუფების მიხედვით გადანაწილდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.