გრიგორი კარასინი - ქართველი პარტნიორები უნდა მოერიდონ ილუზიას, რომ ურთიერთობების ნორმალიზება შეასუსტებს ჩვენ თანამშრომლობას აფხაზეთთან და ცხინვალთან
ქართველი პარტნიორები უნდა მოერიდონ ილუზიას, რომ ურთიერთობების ნორმალიზება რამენაირად შეასუსტებს ჩვენს თანამშრომლობას აფხაზეთთან და ცხინვალთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კარასინის თქმით, თბილისში უყვართ იმის თქმა, რომ დიალოგის გზით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით მოსკოვს უარს ათქმევინებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე და ახლა მოტყუებულები დარჩნენ. კარასინის განცხადებით, რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ამ ილუზიებს მოერიდონ.
„ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართველ პარტნიორებს, მოერიდონ ილუზიებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთან, რამენაირად შეასუსტებს ჩვენს თანამშრომლობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარეობს“, – ამბობს კარასინი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მოსკოვს საქართველოს ინიციატივაზე – შეურიგდნენ აფხაზ და ოს ძმებს, კარასინი პასუხობს, რომ ამ კუთხით მთავარია, რას ფიქრობენ ცხონვალსა და სოხუმში.
„ჩემი ინფორმაციით, სოხუმსა და ცხინვალში უნდობლობა არსებობს. ეს არ არის გასაკვირი, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კეთილგანწყობის დემონსტრირების ფონზე, ყველა ღონეს ხმარობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლაციისთვის. საქართველოს მითითებით, დასავლეთის ქვეყნები ბლოკავენ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების ჩასვლას გაერო-ს შტაბბინაში , რათა არაფერმა შეუშალოს ხელი „ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულების შესახებ“ არაობიექტური და პოლიტიზებული ქართული რეზოლუციის მიღებას. საქართველოს საელჩოები მკაცრ პროტესტს აცხადებენ ისეთ საკითხზეც კი, როგორიც არის სამხრეთ ოსეთის ბუნების ფოტოების გამოფენები რომელიმე ევროპულ დედაქალაქში. იყო სპორტული ღონისძიებების ჩაშლის შემთხვევებიც. სულ ახლახანს კი საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში შოტლანდიის პატარა ქალაქში იპოვა მოკრძალებული სტელა, რომელიც კონფლიქტის დროს დაღუპული სოხუმელების ხსოვნას ეძღვნებოდა. ის ითხოვდა ამ სტელის აღებას მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე აფხაზური დროშა იყო გამოსახული. ქალაქის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ აყვნენ ამ პარანოიას და ძეგლი ადგილზე დარჩა“, – აცხადებს კარასინი „კომერსანტთან“.
კარასინის განცხადებით, ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს მთავრობა აფხაზებსა და ოსებს სამედიცინო მომსახურებას და ევროპაში უვიზოდ ჩასვლასაც კი ჰპირდება. თუმცა, მისივე თქმით, ამის წინაპირობად ითხოვენ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა აღიარონ. კარასინი ასევე „აბსურდულ კონცეფციას“ უწოდებს თბილისის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადებას. რუსი დიპლომატის თქმით, ეს შეურაცხმყოფელია თავად აფხაზებისა და ოსებისთვის.