გრიგოლ ვაშაძე - უღრმეს პატივისცემას ვუდასტურებ „რუსთავი 2“-სა და „ედისონ რისერჩს“, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს
უღრმეს პატივისცემას ვუდასტურებ „რუსთავი 2“-სა და „ედისონ რისერჩს“, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი კი, სწორედ 17:00 საათის შემდეგ მივიდა არჩევნებზე.
„გამოცხადდა ეგზიტპოლი, დღევანდელი დღის 5 საათის მონაცემებით, ჯერჯერობით, 55/45-ზე არის. უღრმეს პატივისცემას ვუდასტურებ „რუსთავი 2“-სა და „ედისონ რისერჩს“, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრმჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 5 საათის შემდეგ. ასეთი „არჩევნები“ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ყველა ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა, მოხდა ყველას მოსყიდვა, ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი, ყველა საქმეში იყო ჩართული“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, დღეს 17:00 საათის მდგომარეობით, 756 000 ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე ორ შედეგს მიაღწია.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა. ეს არის მძლავრი ძალა. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. მეორე – ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებული არის, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გაკეთდება.
Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.