გრიგოლ ვაშაძე - დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა
დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დავით ბაქრაძე დაარწმუნა, რომ ეს მთლიანად ოპოზიციის გამარჯვებაა.
„ჩვენ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. როდესაც ახალ პოლიტიკურ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ეს უპირველეს ყოვლისა, პროდასავლური წევრების თანამშრომლობას ნიშნავს. მისი და მისი პარტიის მხარდაჭერას მადლობის გრძნობით ვიღებ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კითხვაზე, იბრძოლებს თუ არა მეორე ტურში „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამისთვის მზა პასუხი ჯერ არ აქვს.
„თქვენ ხომ არ ელოდებით, რომ ამისთვის მზა პასუხი მაქვს. პარტიამ თავისი მხარდაჭერა გამოხატ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში ერთად ვიბრძოლებთ. რა ორგანიზაციულ ფორმას მიიღებს, ამას ვნახავთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.