გრიგოლ ვაშაძე - ჩემი ღრმა მადლიერება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გიორგი გვიმრაძეს, რომელმაც ობიექტურად და პროფესიონალურად წაიყვანა ეს დებატები
გრიგოლ ვაშაძე - ჩემი ღრმა მადლიერება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გიორგი გვიმრაძეს, რომელმაც ობიექტურად და პროფესიონალურად წაიყვანა ეს დებატები

უპირველეს ყოვლისა, ჩემი ღრმა მადლიერების გრძნობა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ბატონ გიორგის, რომელმაც ობიექტურად, პროფესიონალურად და ცოდნით აღსავსე სტილით წაიყვანა ეს დებატები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და დავით ბაქრაძესთან გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ისტორიულ მოვლენებზე დისკუსიას არ აპირებდა, რადგან გრიგოლ ვაშაძის აზრით, ზურაბიშვილს არ აქვს კვალიფიკაცია და სურვილი, ბიუჯეტიდან ოთხი-ხუთი ციფრი დაიმახსოვროს.  

„მეორე, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მოვდიოდი, „ქართული ოცნების” კანდიდატთან აბსოლუტურად არ ვაპირებდი ისტორიულ მოვლენებზე დისკუსიას, რადგან ამ ქალბატონს არ აქვს ელემენტარული კვალიფიკაცია სურვილი, დაჯდეს და ოთხი-ხუთი ციფრი დაიმახსოვროს ჩვენი ბიუჯეტიდან. როდესაც ის ამბობს, რომ პენსიებისთვის არ მოვდივარ, სოციალურად დაუცველებისთვის არ მოვდივარ, განათლებისთვის არ მოვდივარ, ჯანდაცვისთვის არ მოვდივარო, დიდი ბოდიში, მაშინ იყოს მთაწმინდაზე ან ივანიშვილის კარზე და დაგვანებოს თავი. ასეთი პრემიერებიც, მინისტრებიც, პარლამენტის წევრებიც ექვსი წლის განმავლობაში ცირკის ტაკიმასხარებივით უკვე იმდენი გამოვიცვალეთ, რომ ანგარიში დავკარგეთ და ხალხს მოთმინება აქვს დაკარგული. ამათ რომ ესმოდეთ, რა სიტყვებით ლაპარაკობს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. „ქართული ოცნების“ მამამთავარზე და მის სამეფო კარზე, ძალიან შეშფოთებულები იქნებოდნენ.

როდესაც ადამიანს არც ცოდნა აქვს და არც სურვილი, რომ ეს ცოდნა შეივსოს, რა პასუხები უნდა მიმეღო. უბრალოდ, მინდოდა, მაყურებელს დაენახა, რომ ელემენტარულ რაღაცას ვერ ფლობს პარლამენტარი, რომელიც ყოველ დღე ხელფასს იღებს იმაში, რომ იცოდეს ეს ბიუჯეტი და ხმა მისცეს ამ ბიუჯეტის დამტკიცებას, ან უარყოს ეს დამტკიცება. გეკითხებით, რატომ ვინახავთ ამისთანა პარლამენტარებს და ახლა კიდევ პრეზიდენტობა უნდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.