გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში დაწყებულ კონსულტაციებში ჩართვას ჯერჯერობით არ აპირებს
დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში დაწყებულ კონსულტაციებში ჩართვას ჯერჯერობით არ აპირებს.
გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა პირობებზე, რა შემთხვევაშიც სერიოზულად დაფიქრდებოდა მსგავსი ფორმატის კონსულტაციებში მონაწილეობაზე.
„სამწუხაროდ, არ ჩავერთვები და ვერ ჩავერთვები. მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი რომ იყოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს, მაშინ სერიოზულად დავფიქრდებოდი. მეორე, რატომ არ და ვერ ჩავერთვები ჯერჯერობით – კომისიები არ უნდა იმ რეფორმების განხორციელებას, რაც ევროკავშირმა გვთხოვა და რაზეც ისინი ბოლო რამდენიმე წელია, მუდმივად გველაპარაკებიან. მათ შორის ეს არის საარჩევნო კანონმდებლობა, მართლმსაჯულების სისტემა და დეპოლარიზაცია. ეს ერთ წამში კეთდება. ნახევარი წელიწადია, შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობისას ფაქტობრივად ყველა ეს თემა შეთანხმებული იყო და საგზაო რუკა მომზადებული, რათა მაქსიმალურად სწრაფად გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, „რამნდენად რეალურია, „ქართული ოცნების“ გეგმით ევროკავშირის 12 რეკომენდაცია 6 თვეში შესრულდეს და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ყველა მოქალაქეს ათასი პრეტენზია შეუძლია, წაუყენოს ოპოზიციას, მათ შორის თქვენს მონა მორჩილს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. სადავეები ხელისუფლების ხელშია. გადაწყვეტენ დეპოლარიზაციის შემცირებას, დარწმუნებული იყავით, რომ საქმე კონსტრუქციულად წავა. გააგრძელებენ საუბარს, რომ ვითომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ვიღაც პროვოკაციებს აწყობს, რათა ჩვენ აქ მეორე ფრონტი გავხსნათ – ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა. ეს უფრო გვაზიანებს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქის განცხადებები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება საკითხს, რატომ არ ესწრებოდა ვაშაძე ოპოზიციის იმ ნაწილს შორის კონსულტაციებს, რომელთაც უარი განაცხადეს პარლამენტში მმართველ გუნდთან ერთად კონსულტაციების დაწყებაზე, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მას არანაირი შეტყობინება არ მისვლია.
„კონსულტაციებზე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. დღეს დილით ჩამოვფრინდი და შესაძლოა, კოლეგებმა ვერ მიპოვეს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.