გრიგოლ გოგელია - თუ დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ტელევიზია და არა საზოგადოებრივი მაუწყებელი
გრიგოლ გოგელია - თუ დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ტელევიზია და არა საზოგადოებრივი მაუწყებელი

თუ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, მაშინ ეს აღარ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ ეს იქნება სახელმწიფო ტელევიზია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პირველ არხს განუცხადა.

გოგელიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირების ფუნდამენტური იდეა არის დამოუკიდებლობის იდეა, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: შინაარსობრივი და ფინანსური დამოუკიდებლობა.

„მთავარია, რა პრინციპებზე დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის ევროპის მაუწყებლთა კავშირის აღიარებული პრინციპები, რომლის წევრები ჩვენც ვართ და რომლის იდეა ნებისმიერ მაუწყებელშია. ეს ფუნდამენტური იდეა არის დამოუკიდებლობის იდეა, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება.

პირველი – შინაარსობრივი დამოუკიდებლობა, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი მმართველი ორგანოების მიერ იმართება შინაარსობრივად და განსაზღვრავს, რა უნდა დაფინანსდეს და რა არ უნდა დაფინანსდეს.

მეორე – ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეიქმნას ისეთი შინაარსის პროდუქცია, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ობიექტური, მაღალი ხარისხის, საინტერესო და ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამის შემძლე უნდა იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, პროფესიონალებითა და სწორი მართვის სისტემით, ეს ყველაფერი ითხოვს თანხებს. თუ ეს პრინციპები ირღვევა, მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბარი აღარ გვაქვს.

ახლა, მაგალითად, ბორდი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტი, კანონიერი პრიორიტეტების გათვალისწინებით. ვინ უნდა მიიღოს მაშინ კონკრეტული პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილებები თუ არა ბორდმა? პარლამენტმა? თუ პარლამენტი მიიღებს, მაშინ ეს აღარ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინ ჩვენ გვექნება სახელმწიფო ტელევიზია“, – განუცხადა პირველ არხს გრიგოლ გოგელიამ.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.