გრიგოლ გიორგაძე - პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელსაც თავდაცვის ახალი კოდექსის შესახებ ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს და ეწევა მათ დისკრედიტაციას, მთავარია პოლიტიკური, ფინანსური ინტერესები
გრიგოლ გიორგაძე - პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელსაც თავდაცვის ახალი კოდექსის შესახებ ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს და ეწევა მათ დისკრედიტაციას, მთავარია პოლიტიკური, ფინანსური ინტერესები

პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელიც ლობირებს და თავდაცვის ახალი კოდექსის შესახებ შეცდომაში შეჰყავს ახალგაზრდები, მათ დისკრედიტაციას ეწევა, მთავარია პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, თავდაცვის კოდექსის შემუშავების მთავარი მიზანი არის იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც არსებობს თუნდაც გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, რაც, საერთო ჯამში, მოემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

ამასთან, მისივე თქმით, თავდაცვის კოდექსით სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიები დაწესდება.

„დადგინდება არაერთი მნიშვნელოვანი, მოქნილი პროგრამა ახალგაზრდებისთვის, რომ ვისაც სურვილი ექნება, გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, გაიწვრთნან ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად. სამხედრო სამსახურის გავლა, როგორც პროფესიული, ასევე წვევამდელთა სამხედრო სამსახურის, მხოლოდ თავდაცვის უწყებაში განხორციელდება. რამდენიმე წელია, ვმუშაობთ თავდაცვის კოდექსზე და ამ დროის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე არსამთავობო სექტორთან, ექსპერტებთან, დაინტერსებულ პირებთან. განხილვების შედეგად უამრავი რამ იცვლებოდა. პროექტი არ ითავლისწინებს სავალებულო გაწვევას სტუდენტებისთვის. სამაგიეროდ, გვაქვს უამრავი ალტერნატივა ახალგაზრდებისთვის. უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვისაც იქნება, რომ შეუთავსონ სამსახურსაც სხვადასხვა ნებაყოფლობითი პროგრამები, რომლებიც აგებული იქნება ბენეფიტებზე, მოტივაციებზე. ჩვენი ამოცანაა, ჯარი მიმზიდველი გავხადოთ. მთავარი არსი არის, რომ უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, გავზარდოთ თავდაცვიუნარიანობა, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება მეტი ადამიანის გადამზადებაში, რათა კრიზისების შემთხვევაში ან საომარი მოქმედებების დროს მათ შეძლონ, სულ მცირე, საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოს დაცვა. ეს ყველაფერი ერთობლივად უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას“, – განაცხადა გიორგაძემ.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სავალდებულო სამხედრო სამსახური ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში არსებობს.

„გაზრდილი რისკებისა და საფრთხეების ფონზე უნდა მოხდეს რეზერვისტების გაძლიერება. შესაბამისად, მოწოდება, რომ გავაუქმოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, აბსოლუტურად ალოგიკურია და წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესებთან. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ლობირებს და შეცდომაში შეჰყავს ახალგაზრდები, ახალგაზრდების დისკრედიტაციას ეწევა, მისთვის მთავარია პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები. ამას თავად აცხადებენ, რომ ისინი დაკარგავენ შემოსავალს, რადგან გაცემული სერთიფიკატები, საკანონმდებლო ხარვეზის გამო, წარმოადგენს ჯარის თავის არიდების საშუალებას. ერთი არის ეს ფინანსური დანაკლისი, რომელიც მათ ამ არაკეთილსინდისიერი გზით მიღებული შემოსავლები აღარ ექნებათ და მეორე – პოლიტიკური ინტერესი, რომ ისინი უყურებენ ამ ახალგაზრდებს როგორც რესურსს, საარჩევნო რესურსს, ელექტორატს“, – აღნიშნა გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება შეუძლებელია.

„ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე ზრუნვის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ისინი არაკეთილსინდისიერ გზას კი არ იპოვნიდნენ, არამედ დაიწყებდნენ დისკუსიას, საკანონმდებლო დონეზე მუშაობას, როგორ გაუმჯობესებულიყო ის ნაკლოვანი სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს გაწვევასთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა, მიმზიდველი გავხადოთ როგორც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ასევე პროფესიული სამხედრო სამსახური. ეს ითავლისწინებს ხელფასების, სოციალური გარანტიების ზრდას. არის ნატო-ს სტანდარტების დონის ინფრასტრუქტურა, კვება, აღჭურვილობა, ტანსაცმელი, უნიფორმა. ყველაფერი ექნებათ წვევამდელებს, როგორც პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის მუშაობის რეჟიმიც, წვრთნის ნაწილიც“, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.