გრიგოლ გიორგაძე - არსებული წესითა და კრიტერიუმებით მოხდება ყველა ოჯახის საკითხის განხილვა, ვინც იმსახურებს ბინებით დაკმაყოფილებას
გრიგოლ გიორგაძე - არსებული წესითა და კრიტერიუმებით მოხდება ყველა ოჯახის საკითხის განხილვა, ვინც იმსახურებს ბინებით დაკმაყოფილებას

„დირსის“ ყველა კორპუსი გამოთავისუფლებულია, ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას და თითოეული ოჯახის საკითხის განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

„რასაც ამ ოჯახებს თავიდანვე ვთხოვდით, რომ სამუშაო ფორმატში განგვეხილა თითოეული ოჯახის სიტუაცია, მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ყველა ოჯახი, ვინც იმსახურებს, არსებული წესითა და კრიტერიუმებით მოხდება მათი საკითხის განხილვა და შესწავლა. მომავალ დღეებში ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ ოჯახებთან შეხვედრას. „დირსის“ ყველა კორპუსი გამოთავისუფლებულია და ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას და თითოეული ოჯახის საკითხის განხილვას. არამხოლოდ ამ ოჯახების, არამედ სხვა დანარჩენი ოჯახების საკითხების განხილვას, ვინც არსებული წესით ელოდება ბინებით დაკმაყოფილებას. 10 აპრილს გამოქვეყნდება სიები, შემდეგ იქნება გარკვეული ვადა, რათა სიები დაზუსტდეს. შემდეგ იქნება მონიტორინგი და დაიწყება კომისიური განხილვა ყველა ოჯახის, ვინც ბინის მოლოდინშია“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

„დირსის“ შენობა დღეს ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.