„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა
„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა

„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა მოლაპარაკებები „დირსის“ შენობაში მყოფ ოჯახებთან გამართეს და დარჩენილმა ოჯახებმაც შენობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ერთ-ერთი დევნილის განცხადებით, მოლაპარაკებები შედგა მათთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და დაპირება მიიღეს, რომ უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან ფართებით. მისივე თქმით, ვინც რეგიონშია ჩაწერილი, ფართს რეგიონში მიიღებს, ხოლო თბილისში ჩაწერილები, ფართს თბილისში მიიღებენ.

კიდევ ერთი დევნილის გულნარი წერედიანის განცხადებით, მათ 26-წლიანი ოცნება აუსრულდათ.

„26 წლის განმავლობაში ველოდებოდით ფართებს. ამიტომ იყო პროტესტი ჩვენგან. მოლაპარაკებაზე შევთანხმდით, რომ მოკლე დროში მივიღებთ ფართებს და დაგვაკმაყოფილებენ. დიდი მადლობა დევნილთა სამინისტროს. აღსრულდება ოცნება, რომელიც 26 წლის განმავლობაში იყო საოცნებო“, – განაცხადა დევნილმა გულნარი წერედიანმა.

„დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.