გრიგოლ გეგელია - არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები თავმოყრილია მთელ რიგ დოკუმენტაციაში, კეთილი ინებონ და გაეცნონ
გრიგოლ გეგელია - არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები თავმოყრილია მთელ რიგ დოკუმენტაციაში, კეთილი ინებონ და გაეცნონ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრ გრიგოლ გეგელიას განცხადებით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ერთიანად არის თავმოყრილი მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რომელიც ყველა მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, თუ რაიმეს გამოძიების სურვილი არსებობს, კომისიას შეუძლია, ამ დოკუმენტებს გაეცნოს.

ამასთან, გეგელია ამბობს, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესს მათი მხრიდან ნდობა ვერ ექნება.

„მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არის ერთ მნიშვნელოვან ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი დისპროპორციის მაჩვენებელი ოქმები, ცარიელი კონვერტების, კარუსელის, სხვა ტიპის ადმინისტრაციული და უფრო მძიმე გადაცდომების მაჩვენებელი სამხილები. ძალიან ნათლად და ერთიანადაა თავმოყრილი მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც აქვთ მიღებული, და რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის.

ამასთან წვდომა ძალიან მარტივად შეუძლია იმ კომისიასაც, რომელიც ე.წ. პარლამენტში ყალიბდება. ამიტომ თუ მათ სურთ რაიმეს გამოძიება, კეთილი ინებონ და გაეცნონ ამ დოკუმენტებს. ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი ნდობა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტს, როგორც საჯარო და დემოკრატიული სანდოობის მატარებელ პოლიტიკურ ერთეულს. შესაბამისად, ამ ფსევდოპარლამენტში მიმდინარე პროცესს ჩვენი ნდობა ვერ ექნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.