გრენლანდიის უცნაური ბნელი ზონა კაცობრიობის უზარმაზარი პრობლემა გახდება - მკვლევართა გაფრთხილება
გრენლანდიის უცნაური ბნელი ზონა კაცობრიობის უზარმაზარი პრობლემა გახდება - მკვლევართა გაფრთხილება

გრენლანდიის მყინვარულ საფარში არის ერთი ბნელი ზონა, რომელიც როგორც დრონებით კვლევის შედეგად ირკვევა, თანდათან უფრო ბნელი ხდება. გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ის მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად დნება. მეცნიერებს ხელთ აქვთ ამ ფენომენის საუკეთესო ახსნა.

ბნელი ზონა წარმოადგენს სწრაფად დნობადი ყინულის ზოლს, რომელიც მყინვარული საფარის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებითაა გადაჭიმული. სიგრძე 400 კილომეტრია, ყველაზე ფართო ადგილას კი სიგანე 100 კმ-ს აღწევს.

იგი ნათლად ჩანს თანამგზავრულ ფოტოებზეც.


გარდა იმისა, რომ უცნაურად ბნელია, ამავე დროს მიეკუთვნება აბლაციის ზონას, რადგან ეს არეალი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე მყინვარული საფარის დანარჩენი ნაწილი. გლაციოლოგიაში აბლაციას უწოდებენ მყინვარის მასის შემცირებას დნობის, აორთქლების ან მექანიკური ნგრევის შედეგად.

2014 წელს ადგილზე კვლევისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დნობას განაპირობებდა ყინულის ზედაპირზე არსებულ მინერალთა და მიკრობთა ნარჩენები.

ცოტა ხნის წინ ნორვეგიის არქტიკული ჰიდრატი გაზების, გარემოსა და კლიმატის კვლევის პროექტმა (CAGE) კვლევა დრონების გამოყენებით ჩაატარა და აღნიშნული მოსაზრება დაადასტურა. ამავე დროს, ნათელი გახადა, რამდენად მასშტაბურია სინამდვილეში ეს პრობლემა.

„გავარკვიეთ, რომ ბნელი ზონა დაფარულია მტვრის სათუთად გადანაწილებული ფენითა და შავი ნახშირჟანგით, რომელსაც საკვებად იყენებენ შავი ფერის წყალმცენარეები. ჩაბნელების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, გლაციოლოგი ალუნ ჰუბარდი.


ეს კი მხოლოდ გრენლანდიის პრობლემა როდია. სწრაფი დნობა ძალიან ცუდი ამბავია მთლიანად პლანეტისთვის, განსაკუთრებით იმ ზონებისთვის, რომლებსაც დიდ ზიანს აყენებს ზღვის დონის მატება.

ამ დროისთვის გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3 მილიმეტრით იმატებს, მაგრამ ეს ციფრი მდგრადი არ არის, ყოველ წელს, ეს მაჩვენებელი 0,08 მილიმეტრით იზრდება. გარკვეულია, რომ ამ საშინელ პროცესში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვს გრენლანდიის დნობას.

ბნელი ზონის სწრაფ დნობაზე პასუხისმგებელი მექანიზმი ძალიან მარტივია. იმის გამო, რომ შავი ფერი შთანთქავს უფრო მეტ რადიაციას, ღია კი პირიქით, აირეკლავს, მუქი ყინული შთანთქავს მზის მეტ სითბოს და შესაბამისად, დნება უფრო სწრაფად.

რომელიმე კონკრეტული ზედაპირის მიერ არეკლილი სინათლის ოდენობას ალბედო ეწოდება — მაღალი ალბედო ნიშნავს ძლიერი არეკვლის უნარს. ადვილი მისახვედრია, რომ ბნელი ზონის დაბალი ალბედო განაპირობებს ხუთჯერ უფრო სწრაფ დნობას, ვიდრე თეთრი, სუფთა თოვლი დნება.


დნობასთან ერთად, ყინული კარგავს არეკვლის უნარს, გამდნარ წყალში კი მრავლდება წყალმცენარეები. ყინულის დადნობა შეუძლია ტემპერატურის უმნიშვნელო მატებასაც კი, რაც წყალმცენარეთა ნამდვილი აფეთქების მიზეზი ხდება. ეს პროცესი განსაკუთრებით ხშირია გაზაფხულზე და ზაფხულში.

„წყალმცენარეებს საკვები სჭირდებათ, განსაკუთრებით მტვერი, ორგანული ნახშირბადი და წყალი. ზაფხულობით ყველა ეს ინგრედიენტი უხვადაა და წყალმცენარეთა აფეთქებაც იწყება.

იმის გამო, რომ ეს წყალმცენარეები შავი ფერისაა, ისინი უფრო აძლიერებენ ბნელ ზონას. შედეგად ვიღებთ დადებით უკუკავშირს —მყინვარული საფარი შთანთქავს მზის მეტ სინათლეს, შესაბამისად, დნება უფრო სწრაფად“, — ამბობს ჰუბარდი.

თანამგზავრულ მონაცემებთან შედარებით, დრონების გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აღმოაჩნდა. გარდა იმისა, რომ ახლოს დაფრინავენ ზედაპირთან, ადვილად შესაძლებელია მათი მანევრირება სასურველი ადგილის თავზე. შედეგად, იღებენ გაცილებით დეტალურ ფოტოებს, ვიდრე დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები.


ამ ორი ტექნოლოგიის კომბინირების გზით, მკვლევართა ჯგუფმა ბნელ ზონას საუკეთესო ფოტოები გადაუღო ამ დრომდე არსებულთა შორის.

გაირკვა, რომ დნობის პროცესში მთავარ როლს მყინვარული საფარის ალბედო თამაშობს, ზოგიერთ ადგილას თავმოყრილ ბნელ მტვერს კი შედარებით მცირე გავლენა აქვს.

მკვლევართა დასკვნით, ალბედოს 73%-ით ცვალებადობის მიზეზია მტვერი, შავი ნახშირჟანგი (ტყის ხანძრების შედეგი) და წყალმცენარეები.

„ჩვენი აზრით, მტვრის ოდენობის ზრდა და ბინძურ ნარჩენთა გადანაწილება, რასაც უფრო აძლიერებს აბლაცია და ბიოლოგიური აქტივობა, გამოიწვევს გრენლანდიის ბნელი ზონის კიდევ უფრო გავრცობას“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, იქვე შენიშნავენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა ზუსტად განისაზღვროს პროცესის დეტალები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cage.uit.no-სა და ScienceAlert-ის მიხედვით