გორში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები
გორში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაუყოვნებლივ დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.