გორში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- განაცხადეს შსს-ში.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. უწყების ცნობით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.