გორში ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება
გორში ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ოჯახისა და ადვოკატისთვის ამ დროისთვის უცნობია თედლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ერეკლე თედლიაშვილი კლინიკა „ჯერარსში“ სამთვიანი მკურნალობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა. მისთვის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებით, დაახლოებით სამი თვის წინ თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომლის საქმეზეც წინასასამართლო სხდომა გორში 15 სექტემბერს არის ჩანიშნული.
9 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი ბრალდებული თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმების მოთხოვნას არ აპირებს და საბრალდებო მუხლის კვალიფიკაციასა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალება საბოლოოდ, არ ვიცით. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვიცით, რომ ტრავმამ გამოიწვია, თუმცა ტრავმის შემდეგ რა განვითარდა და როგორ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა გვეტყვის. ის კარგად არ ყოფილა მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამ სამი თვის განმავლობაში. არ ჰქონდა რეფლექსები, ვერც ვერავის ცნობდა, უბრალოდ თვალები ჰქონდა გახელილი.
კითხვაზე, აპირებს თუ არა გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებას, გარდაცვლილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალის კვალიფიკაცია პროკურატურამ უნდა შეარჩიოს.
„ჩამოხრჩობისა და ჩაქოლვის პოზიცია გარდაცვლილის ოჯახს არასდროს ჰქონია. სასამართლომ უნდა შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვიტოს კანონის მიხედვით. ჩვენთვის ეს ტრაგედია ისეთია, რომ ვერაფერი ვერ აანაზღაურებს – ვერც ბრალის დამძიმება და ვერაფერი”, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
მისი თქმით, ერეკლე თედლიაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა და ბოლო პერიოდში სარეაბილიტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დამძიმდა და ისევ უკან გადაიყვანეს.
„შეიძლება ადრეც იყო რეაბილიტაციის განყოფილებაში გადაყვანა. რამ გამოიწვია გარდაცვალება და ტრავმის შემდეგ რა განვითარდა ორგანიზმში და როგორ, ეს არ ვიცით. ალბათ გავეცნობით, როდესაც გვექნება დოკუმენტაცია. სრულად სასამართლოს ვანდობთ გადაწყვეტილების მიღებას. დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება ყველაფერს გააკეთებს, რათა კვალიფიკაცია სწორად იყოს შერჩეული”, – განაცხადა ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილმა და მისი ოჯახის ადვოკატმა.
თამარ თედლიაშვილის თქმით, გორში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბრალდებული თარაშ კანდელაკის ოჯახი ყურადღებას იჩენდა მათი ოჯახის და მათ შორის დაშავებულის ჯანმრთელობის კუთხით.