გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახს სამედიცინო პერსონალთან კითხვები აქვს
გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახს სამედიცინო პერსონალთან კითხვები აქვს

გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახს კითხვები აქვს სამედიცინო პერსონალთან. მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მომაკვდავი პაციენტის რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა, სადაც 18 წლის მოზარდი ისე დამძიმდა, რომ კლინიკაში დააბრუნეს.

„არ ვიცით, ნებსით მოხდა თუ უნებლიეთ, მაგრამ კლინიკის ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე რეანიმაციიდან გაეწერათ და გადაეყვანათ სარეაბილიტაციოდ. ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერა კლინიკამ სარეაბილიტაციოდ. ორ დღეში დამძიმდა მისი მდგომარეობა და შედეგი მივიღეთ უმძიმესი. დღეს არის ერეკლეს დაკრძალვა. როგორც კი გაივლის ეს უმძიმესი დღეები, ოჯახი ყველა საკითხით დაინტერესდება, როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით და მოითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებებს“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა.

ერეკლე თედლიაშვილი გორში მომხდარი ჩხუბისას დაშავდა, ის 12 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ჩხუბის ფაქტზე დაკავებულია თარაშ კანდელაკი, რომლის პირველი სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.