ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი - ერეკლე თედლიაშვილს დაუფიქსირდა ასფიქსია, რაც არ არის კავშირში მის პირველად ტრავმასთან
ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი - ერეკლე თედლიაშვილს დაუფიქსირდა ასფიქსია, რაც არ არის კავშირში მის პირველად ტრავმასთან

გორში ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილ ერეკლე თედლიაშვილს, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, ასფიქსია დაუფიქსირდა, რაც კავშირში არ არის მის პირველად ტრავმასთან, – ამის შესახებ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილისთვის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაში ბრალდებული თარაშ კანდელაკის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ის ბრალდებულ თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებას არ ელოდება.

„პაციენტ ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ის სარეაბილიტაციო ცენტრში გაწერილი იყო შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, დაფიქსირდა ასფიქსია, რაც კავშირში საერთოდ არ არის მის პირველად ტრავმასთან. რამ გამოიწვია აღნიშნული, ეს ცალკე კვლევისა და ძიების საგანია – ადგილი ჰქონდა სამედიცინო შეცდომას, თუ საერთოდ არ არის ბრალეულობა სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ეს ცალკე უნდა გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა.

რაც შეეხება ბრალის შესაძლო დამძიმებაზე საუბარს, თარაშ კანდელაკის ბრალი ამ მიმართულებით ვერ და არ უნდა დამძიმდეს. ეს არის სამართლებრივი შეფასება. ძალიან ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ოჯახს ვუსამძიმრებთ”, – განაცხადა თარაშ კანდელაკის ადვოკატმა.

მისი თქმით, 15 სექტემბერს ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც თარაშ კანდელაკს ბრალი წარდგენილი აქვს თარაშ კანდელაკს სსსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ბრალთან მიმართებაში პოზიციას ბრალდებული სხდომაზე დააფიქსირებს.