დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.
გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.
აღნიშნული ოჯახები, მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.
გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHRC), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისთვის.
მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება. კომისია ასევე 10-მდე ნგრევადი ობიექტის დახურვის საკითხსაც განიხილავს.
კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 480 დევნილი ოჯახი, რომელსაც გორში 8 ახალ აშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 -ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.