გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცის მიმდებარედ ტყეში ხანძარია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცთან ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ტყეში გაჩნდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით,  ხანძარი დასახლებიდან დაახლოებით, ხუთ კილომეტრშია.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ბრიგადებს მისვლა უჭირთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ლოკაციაზე მისულები არიან, თუმცა რთული რელიეფის გამო, სახანძრო ბრიგადები უშუალოდ ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის მერიის სპეც ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, რათა ხანძრის ადგილამდე გზა გაიყვანონ.

„საკმაოდ დიდ ფართობზეა ცეცხლი გაჩენილი. უკიდია წიწოვან ტყეს. ჩვენ ვცდილობთ, გზა გავიყვანოთ, რადგან რთული რელიეფის გამო, თითქმის შეუძლებელია იქ მისვლა. დასახლებიდან ხუთ კილომეტრზე მეტია ხანძრის კერამდე. იქ გავრცელების საშიშროება არაა, რადგან ქარი სხვა მიმართულებით ქრის“ , – განაცხადა პირველ არხთან გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც სოფელ ორმოცში იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.