გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონის მოწყობა ადგილობრივების ნაწილმა გააპროტესტა
გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონის მოწყობა ადგილობრივების ნაწილმა გააპროტესტა.
მათ აქცია გამართეს და სასტუმროდან კარანტინში მყოფი პაციენტების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვეს.
საკარანტინო ზონაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული 30 მოქალაქე იმყოფება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარანტინის ტურისტულ ზონაში გახსნა მათთვის მიუღებელია. გარდა ამისა, ადგილობრივების ნაწილს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ შენობა იზოლირებული არ არის, არ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, რაც მათ თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ისინი ხელისუფლებას კარანტინში მყოფი პირების გაყვანისთვის ხვალ, 18:00 საათამდე აძლევენ დროს.
„აქედან დროულად გადაიყვანონ ეს ადამიანები. საფრთხე ყველას გვემუქრება, მეშინია, პანიკაა დასახლებაში. სულ გარეთ აივნებზე არიან, არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს, სიგარეტის ნამწვავს გარეთ აგდებენ. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები გაგრძელდება“,- განაცხადა გონიოში მცხოვრებმა, ეთერ დევაძემ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უწყების განმარტებით, კარანტინში მყოფი ყველა ადამიანი ჯანმრთელია და მათზე მიმდინარეობს მედიკოსთა დაკვირვება, ამდენად, არც მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექციაა საჭირო.
ადგილობრივებმა სასტუმროსთან, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი, აქცია ორი დღის წინაც გამართეს.