გოლი მეათე წამზე - ბერიძემ და ქვილითაიამ ბელგიის თასზე გაიტანეს
გოლი მეათე წამზე - ბერიძემ და ქვილითაიამ ბელგიის თასზე გაიტანეს

გიორგი ბერიძემ ბელგიის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მეათე წამზე გახსნა, რაც ამ ქვეყნის თასის ისტორიაში გატანილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლია. მისი გუნდი, მეორე დივიზიონის „ლოკერენი“ ბელგიის თასის 1/16-ფინალურ მატჩში გასვლაზე მთავარი ლიგის „ანტვერპენს“ ესტუმრა, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა მე-10 წამზე გაიტანა. მაგრამ შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებული დრო (ორი 15-15 წუთიანი ტაიმები) „ანტვერპენმა“ უკეთ ჩაატარა, 4:2 გაიმარჯვა და თასის 1/16 ფინალში გავიდა.

ქართველი თავდამსხმელი „ლოკერენმა“ 31 აგვისტოს „გენტიდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა. გიორგი ბერიძემ ახალ კლუბში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ეს მისი პირველი გოლია.

ბელგიის თასზე ითამაშა ბექა ვაჩიბერაძემაც, რომელიც „ლომელის“ მწვრთნელმა ლიეჟის „სტანდარტის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. დამატებულ წუთზე „სტანდარტმა“ 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართველების ერთადერთი გუნდი, რომელმაც ბელგიის თასის 1/16 ფინალური ბარიერი დაძლია, „გენტია“, რომელმაც გასვლაზე „აალსტი“ ანგარიშით 0:4 დაამარცხა. ამაში დიდი როლი გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც, როგორც იქნა, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მე-9 და მე-60 წუთებზე პირველი ორი გოლი მიითვალა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.