გოჩა თევდორაძე - ვმუშაობთ ყველა საკითხზე, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი საკითხი ისევ და ისევ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა
ვერ გეტყვით, რომ დღევანდელი ან გუშინდელი შეხვედრიდან ოპტიმისტურად ვარ გამოსული, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რომ გითხრათ, რომ ამ შეხვედრით დიდი კმაყოფილების გრძნობა გვაქვს, ვერა. უმთავრეს საკითხზე, ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება ჯერჯერობით, მიღწეული არ არის. ვერ გეტყვით, რომ დღევანდელი, ან გუშინდელი შეხვედრიდან ოპტიმისტურად ვარ გამოსული, რომ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იქნება, მაგრამ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ მოლაპარაკების და შეთანხმების ყველა გზა მაქსიმალურად უნდა ვცადოთ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან“, – განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ უმთავრესი საკითხი ისევ და ისევ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
„ვმუშაობთ ყველა საკითხზე, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი საკითხი ისევ და ისევ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი. ისინი ასე ეძახიან, ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს საკითხი გამიჯნული უნდა იყოს ერთიანი შეთანხმების ფორმატიდან და ვფიქრობ, ამას ვაღწევთ კიდეც. პარალელურ რეჟიმში არის ისეთი საკითხები, რომლებზეც ვმსჯელობთ. ეს არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, ცესკოსა და ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციების დამომპლექტების წესისა და მათი მუშაობის შეცვლა და ა.შ.“, – განაცხადა თევდორაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შევა თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ დათანხმდება, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება იმავე პოზიციაზე იქნება და ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აპირებს.
„მე უფრო დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებენ და პარლამენტში არ შევლენ. უკვე ამის შემდეგ, თავისთავად ცხადია, ეს პარლამენტი ვერ იძენს ლეგიტიმაციას“, – განაცხადა თევდორაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ და „პატრიოტთა ალიანსი“ ამ პოზიციაზე მარტო დარჩება, თევდორაძემ აღნიშნა, რომ მას მოკრძალებული მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე წავა, მაგრამ მეტი ოპტიმიზმით ხედავს იმ საკითხს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობას შეინარჩუნებენ და ხელისუფლებისთვის პარლამენტში ასი და მეტი დეპუტატი მარტივად მისაღწევი არ იქნება.
„ვთვლი, რომ რეალურად, ეს პარლამენტი არ იქნება უფლებამოსილი და დღის წესრიგში უკვე ავტომატურად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი, რასაც ისევ და ისევ მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს. ეს დამოკიდებული არ იქნება „ქართული ოცნების“ ნება-სურვილზე, ეს კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება და ხელისუფლება ვალდებული იქნება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა თევდორაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოიქცევა „პატრიოტთა ალიანსი“ მომავალ წელს, ვადიან თვითმმართველობის არჩევნებზე, თევდორაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთი თვითნებობით თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მიაღწევს, ქვეყნის მმართველობიდან წასვლა მანამდე მოუწევს და ქვეყანა შედარებით უფრო გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებს მიიღებს.
შეკითხვაზე, როდის იქნება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, შემდეგი რაუნდი ხვალვე იყოს.
„ზუსტი თარიღი არ მაქვს. ალბათ, ფასილიტატორი ელჩები შეგვეხმიანებიან და გვეტყვიან, ამ შეხვედრას როდის დანიშნავენ“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.