გოჩა თევდორაძე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ინციატივას გაუაზრებელს უწოდებს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე გაუაზრებელს უწოდებს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ 48 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
თევდორაძის თქმით, ეს იმ ხელისუფლების ინიციატივაა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებს აზრი დაუკარგა.
„ეს იმ ხელისუფლების ინიციატივაა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებს აზრი დაუკარგა. ხელისუფლებამ კანონი შეცვალა, რის შედეგადაც ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ვერავითარ ინტერესს ვერ გამოიჩენენ. ისეთი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრა, რომ თვითმმართველობებში რა პროპორციითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, თუ ის უმრავლესობაში არ არის, მისი აზრი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, თვითმმართველობის არჩევნები ტარდება იმ კანონით, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია ვერც კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, ვერც საეთერო დროს და ვერც დაფინანსებას მიიღებს. როცა ხელისუფლება გეუბნება, ამ არჩევნებით გაზომეთ მე რა რეიტინგი მაქვსო, ეს თავიდანვე არის ხელისუფლების მოსაზრება. ჩემთვის გაუაზრებელი და მიუღებელია ეს ინიციატივა“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.