გოჩა თევდორაძე - „ქართული ოცნება“ თუ კვლავ გააგრძელებს ასეთ რიტორიკას, რევოლუციას მიიღებს
გოჩა თევდორაძე - „ქართული ოცნება“ თუ კვლავ გააგრძელებს ასეთ რიტორიკას, რევოლუციას მიიღებს

თუ „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს ასეთ რიტორიკას და სვლას იქითკენ, რომ არჩევნები ტოტალურად გააყალბოს და ამით ძალაუფლება მიისაკუთროს, სწორედ რევოლუციას მიიღებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„დღემდე „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებასთან“ კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში იყო, მაგრამ უკვე, დაპირისპირების რეჟიმშია და არავითარი სურვილი არ გვაქვს, პროცესებში ხელი შევუშალოთ თუნდაც, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიმართ მტრული განწყობა აქვს. ჩვენგან იქნება საპროტესტო აქციები. თუ დღემდე, აქციებზე ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისკენ მოვუწოდებდით და ამავდროულად, ამ პრობლემების გადაჭრის გზასაც ვთავაზობდით, დღეს, ქალბატონი ირმა პროცესების რევოლუციურ განვითარებაზე საუბრობდა. თუ ხელისუფლება არჩევნებს ტოტალურად აყალბებს, რაც ძალაუფლების უზურპაციას იწვევს, ასეთი ხელისუფლება უკვე დამნაშავეა და დამნაშავე ხელისუფლებას, თავისთავად ცხადია, რევოლუციური რეჟიმით უნდა აღუდგე წინ. თუ „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს ასეთ რიტორიკას და სვლას იქითკენ, რომ არჩევნები ტოტალურად გააყალბოს და ამით ძალაუფლება მიისაკუთროს, სწორედ რევოლუციას მიიღებს. ამის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსს“ მართლაც შეუძლია“, – განაცხადა თევდორაძემ.

ამ განცხადებით გოჩა თევდორაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოტენციალი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ თუნდაც, რევოლუციის.

როგორც თევდორაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას აგუებს იმას, რომ ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. 

„დღეს, როცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი ფაქტობრივად, ფსკერზეა დასული, 12-15%-ზე მეტი არ არის და ეს სწორედ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზეა, ამ დროს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ ასეთი განცხადება იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებას კბილი მოუსინჯონ, როგორი იქნება გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით; რათა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი წავიდეს იმაზე, რომ როგორღაც, არჩევნების პოლარიზება მოახდინოს. მისთვის კომფორტულია, იყოს ოპონირების რეჟიმში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ ისევ კოაბიტაციის რეჟიმში უნდათ ყოფნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“. სწორედ ამას ემსახურებოდა ქალბატონ ირმა ინაშვილის განცხადება“, – განაცხადა თევდორაძემ.

მისი თქმით, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არის პოლიტიკურ ძალა, რომელიც რევანშზეა მომართული.

„ამათი მთავარი მიზანი რა არის, იცით?! ალბათ, ხელისუფლებაში ისევ რომ მოვიდნენ, თურმე, ენუქიძეს, მკოიანს პირდაპირ დახვრეტენ. კიდევ კარგი, ქვეყანაში ის თაობა ცოცხალია, რომელმა თაობამაც თავის თავზე იწვნია მათი მმართველობა“, – განაცხადა თევდორაძემ.

„პატრიოტთა ალიანსი“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ განშტოებას, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, თითქოს, განსხვავებული ხედვებით წარმოაჩენენ, მაგრამ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„თქვენ იგივე პოლიტიკური ძალა ხართ. ერთადერთი, დღეს თურმე, ის წარმოგაჩენთ განსხვავებულად, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფა გინდათ. ამის სურვილი ვის არ აქვს, მაგრამ ნება გაქვთ?! როგორ აპირებთ მის სრულყოფას?! – ამ განცხადებით გოჩა თევდორაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს მიმართა.

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პროპორციულ სისტემაზე მართლაც გადავიდეს და „ქვეყანას რეალურად მისცეს საშუალება, ნორმალური, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს, რითაც პოლიტიკური სივრციდან გაყვანილ იქნება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“.